ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპარლამენტმა სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი, ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება
ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მათ შორისაა გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მისი მონაწილეობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ტელეკომპანია „იმედის“ მითვისება, კორუფციული ბრალდებები, საზღვრის უკანონოდ კვეთა, ხელისუფლება კი კანონს და კონსტიტუციას ვერ დაარღვევს და ამას ეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორებსაც.
„რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ ევროპარლამენტმა თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, გვითხრა, რომ სააკაშვილი, ძალიან მარტივად რომ დავარქვათ ყველაფერს სახელი, არის მათი აგენტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან. ეს ასე არ მოხდება. ჩვენ მათ და ჩვენს ძალიან ბევრ პარტნიორს ვუთხარით, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ისეთი, როგორიც არის გირგვლიანის მკვლელობა და ამ საქმეში მისი მონაწილეობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ყოფილი დეპუტატის, რომელიც სიკვდილის პირას მიიყვანეს, ისე ცემეს, ტელეკომპანია „იმედის“ მითვისება, კორუფციული ბრალდებები და ბოლოს, ახლა დაიმატა ამ ადამიანმა საზღვრის უკანონო კვეთა, უკანონოდ შემოჭრა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი გამოსავალი, არც სურვილი, რომ რაღაც კანონი დავარღვიოთ, არ არსებობს. ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ, ჩვენ ვერ დავარღვევთ კონსტიტუციას. სააკაშვილი დღეს არის პატიმარი. მე არ მინდა, პატიმარზე ბევრი ვილაპარაკო და ერთგვარი პირობაც კი ვთქვი, რომ აღარ მინდა სააკაშვილზე საუბარი. ვინც თვალყურს ადევნებდა მის აღვირახსნილ კამპანიას მთელ მსოფლიოში, ამ ადამიანმა დაიქირავა ლობისტური კომპანიები. ოფიციალურად მარტო ამერიკაში მილიონი დოლარი აქვთ გადახდილი, რაც არის რეგისტრირებული ისევ ამ კანონის მეშვეობით. FARA-ს კანონის, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო, ამ კანონის მოქმედების შედეგად გავიგეთ, რომ სააკაშვილმა, დედამისის მეშვეობით, დაიქირავა და მილიონი დოლარი გადაიხადა ლობისტურ საქმიანობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.