ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე გარემოში ჩატარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები – ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი დეპუტატები – ტომას ზდეჩოვსკი, ვიქტორ ნეგრესკუ და კორინა კრეტუ იმყოფებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველა სხვა არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე და კონკურენტული. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მოწვევით, არჩევნებს მრავალი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები აკვირდებიან.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა არჩევნების კოვიდ-უსაფრთხო გარემოში ჩატარების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლები, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების, ისე ამომრჩევლისა და საარჩევნო კომისიის წევრთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს და ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატისადმი, ხელშესახები შედეგების მისაღწევად. ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი დიფერენცირებული მიდგომის პრინციპის გამოყენების მნიშვნელობას. შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად ემზადება.
ევროპარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.