ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება

ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ჩანაწერი მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება.

„მინდა, დეტალურად ვისაუბრო იმ მიღწევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ბუნებრივია, მინდა, საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ჩვენ ყველანი გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება 17 ივნისს, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ეს ჩანაწერი მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ. ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მეორე, რაც მინდა, ვთქვა, ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამის თაობაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ და მინდა, რომ ეს დეტალურად განვუმარტო ჩვენს ხალხს და ჩვენს ძვირფას დეპუტატებს“, – განაცხადა პრემიერმა.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს.