ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკომისიამ მიიღო ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება, ისეთი როგორსაც იმსახურებს ჩვენი ძლიერი და ამაყი ქართველი ხალხი
მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო მთავრობის და ჩვენი გუნდის სახელით, ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ეს არის ჩვენთვის ძალიან წამახალისებელი, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ შეაფასა და მიიღო ერთადერთი სწორი, ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს საბოლოო მიზანია ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში.
„ჩვენი საბოლოო მიზანი, ბუნებრივია, არის ჩვენი ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, წევრობა, რასაც სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ეს არ დასრულდება ერთ და ორ წელში, ეს არის მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ჩვენი ხალხის და ჩვენი მთავრობის კონსოლიდაცია სჭირდება, ეფექტიანი მმართველობა და იმ რეფორმების გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო 11 წელია, ვახორციელებთ ქვეყანაში. ეს, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის სრულ ევროპეიზაციამდე. ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია უნდა გაგრძელდეს და, საბოლოოდ, ჩვენი მიზანი და ჩვენი დიდი, მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც ვუახლოვდებით ყოველდღე და მჯერა, დღევანდელი დღე და დღევანდელი ისტორიული ნაბიჯი გვაახლოებს ამ დიდ საერთო ეროვნულ მიზანთან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო ყველას, ჩვენს გუნდს და მივულოცო თითოეულ მოქალაქეს, ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს დღევანდელი ისტორიული გამარჯვება და აღიარება. ჩვენ მივიღეთ დამსახურებული სტატუსი, ისეთი როგორსაც იმსახურებს ჩვენი ძლიერი და ამაყი ქართველი ხალხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.