ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თუ შევხედავთ, საქართველო რიგი მიმართულებებით მოწინავე პოზიციაზეა
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თუ შევხედავთ, საქართველო რიგი მიმართულებებით მოწინავე პოზიციაზეა

საქართველოს პროგრესზე მეტყველებს OECD-ს ბოლოდროინდელი კვლევა და გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც  „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსს“ შეეხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აქ კვლავაც ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

„კვლევა აფასებს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა პასუხისმგებლიანი მთავრობა, სამეწარმეო ადამიანისეული კაპიტალი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბაზარზე წვდომა, ინოვაციები და ასე შემდეგ. ჩვენი ქვეყანა ლიდერობს 12-დან 11 მიმართულებაში. ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას საშუალება მისცა, აენაზღაურებინა პანდემიის დანაკარგი და ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაზრდილიყო. შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონით, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, წლიდან წლამდე მცირდება ევროკავშირის საშუალო დონესთან ჩამორჩენა. ესეც ძალიან საინტერესო მაჩვენებელია. გაისად უკვე ჩვენი შემოსავლები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41%-ს შეადგენს, ხოლო 2027 წლისათვის, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, 45 პროცენტამდე იზრდება. თვალს თუ გადავავლებთ ევროკავშირში ბოლო გაწევრიანებული ქვეყნების მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებს, მათ შორის ბულგარეთს, პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს გაწევრიანების მომენტში დაახლოებით მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდათ. ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოს არა მარტო მათ საშუალო მაჩვენებელზე უკეთესი პოზიცია აქვს, არამედ მთელი რიგი მიმართულებებით მოწინავე პოზიციაზეა.

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის; ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით საქართველო მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის; მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით – საქართველო მე-10 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და 26 ქვეყანას უსწრებს; ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის მიხედვით ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 17 ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.