ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის პრემიერს მიმართავს - საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის პრემიერს მიმართავს - საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს წერილით მიმართავს.

როგორც ღარიბაშვილის მიერ პედრო სანჩესისთვის განკუთვნილ წერილშია ნათქვამი, საქართველო მადლობას უხდის ესპანეთს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

„თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით, გამოვხატო მადლიერება საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ თქვენი ქვეყნისა და პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის. 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ სრულიად ახალი გვერდი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ევროკავშირის ლიდერების ზემოხსენებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ მძლავრი გზავნილის სახე მიიღო და დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი ყველაზე გულწრფელი მადლიერება გრანადაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის III სამიტის მასპინძლობისთვის, რომელმაც ყველას მოგვცა დროული შესაძლებლობა, განგვეხილა ევროპისთვის აქტუალური საკითხები. უდავოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ არ ვეძებთ მოკლე გზებს. ჩემი მთავრობა სრულად მობილიზებული რჩება და მტკიცედ აქვს განზრახული, გააგრძელოს და დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 2012 წლიდან საქართველომ ძლიერი ერთგულება აჩვენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ გახდომისთვის. შორსმიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების სფეროში ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირსა და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი“, – ნათქვამია წერილში.

როგორც პრემიერის წერილშია ნათქვამი, 2022 წლის ივნისის შემდეგ საქართველომ ასევე გამოავლინა უძლიერესი ნება 12 პრიორიტეტის შესრულებასთან მიმართებით, რომელიც გათვალისწინებულია ევროკომისიის დასკვნაში, რაც ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადს მოჰყვა პასუხად.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენმა მთავრობამ მიაღწია კონკრეტულ შედეგებს, რომლებიც გადაიზარდა საქართველოს მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებში და მასშტაბურ საკანონმდებლო მუშაობაში, რათა შესრულებულიყო ნაკისრი ვალდებულებები და პროგრესულად მოვსულიყავით თანხვედრაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან. შედეგად, მოხარულნი ვიყავით ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს იმ დადებითი შეფასების საფუძველზე, რაც ასახულია ევროკომისიის 2023 წლის კომუნიკეში გაფართოების პოლიტიკის შესახებ და თანდართულ ანგარიშში საქართველოს შესახებ. კომისიის რეკომენდაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ ყოვლისმომცველი, მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება. საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს, გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ ესპანეთი და ევროკავშირი გააგრძელებენ საქართველოს გვერდით დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილებით. გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე დააყენებს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის. ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის დასაყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რაც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში“, – ნათქვამია წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას.

„ნება მომეცით, თქვენი ქვეყნისა და ევროკავშირისადმი გამოვხატო მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ესპანეთი და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს – ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს – ევროპული დემოკრატიების ოჯახთან. თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“, – ნათქვამია წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წერილები ასევე გაუგზავნა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ლიდერებს.