ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალდანიშნულ ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მარეკ შჩიგელს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
„შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) როლი. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში საქართველოს კონტრიბუციაზე“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
შეხვედრას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი ვილ სიიკასალმი და პოლიტიკური მრჩეველი ჯორჯ სანდიც დაესწრნენ.