ირაკლი ღარიბაშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე ყველა მიღწევა „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, იქნება ეს უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
ევროინტეგრაციის გზაზე ყველა მიღწევა „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, იქნება ეს უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირე პარტიების არჩევის შემთხვევაში, ევროინტეგრაციის ნაცვლად, მივიღებთ სისხლიანი დიქტატურას.
„დღეს ეს ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული ბოროტება ჩვენს ახალგაზრდობას ჰპირდება ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ როცა მათ არაფერი გაუკეთებიათ ევროინტეგრაციის გზაზე და, პირიქით, ყველაფერს ანტიევროპულს და ანტიდემოკრატიულს აკეთებდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ამ დროს თქვენ იცით, რომ ყველა მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“, ჩვენი დამსახურებაა, იქნება ეს უვიზო რეჟიმი ევროპაში, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მშვიდობა, სტაბილურობა პროგრესი ყველა მიმართულებით. ამიტომ, მინდა მათ მივმართო, ვინც ჯერ კიდევ მხარს უჭერს სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირე სატელიტურ პარტიებს და კოალიციებს, რომ ევროინტეგრაციის ნაცვლად მიიღებთ ისევ სისხლიან დიქტატურას, მშვიდობის ნაცვლად მიიღებთ ომს, ხოლო ევროპის ნაცვლად ახალგაზრდებს წაიყვანენ ომში. თვითონ კი გაიქცევიან ევროპაში, როგორც ეს წინა ომის დროს გააკეთეს. ამიტომ, გაუაზრებელი რაღაც უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარესს და შემდეგ უკვე გვიანი იქნება სინანული. დღეს ეს ბოროტება აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები – გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე, გირჩი ჯაფარიძე. სხვათა შორის, გახსოვთ, ეს უკანასკნელი როგორ სამარცხვინოდ მოიქცა საოკუპაციო ხაზთან, რომელსაც იცავენ ჩვენი საამაყო პოლიციელები, ეს არარაობა მივიდა და სამარცხვინო პერფორმანსი დადგა, რითიც მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენს ხალხს, ჩვენს დაღუპულ გმირებს. იმ ხალხს, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ამ გამყოფი საოკუპაციო ხაზის მიღმა. ასეთი ხალხი ითხოვდა სანქციების დაწესებას, უკრაინაში მეომრების გაგზავნას და მეორე ფრონტის გახსნას.
დღეს მსოფლიოში ურთულესი და არაპროგნოზირებადი გარემოა, მესამე მსოფლიო ომის საფრთხე მატულობს და ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა გაზრდილია, ამიტომ თითოეული პასუხისმგებლობიანი ჩვენი მოქალაქის ვალდებულებაა ჩვენი ქვეყნის დაცვა და გადარჩენა ომისგან და ომში ჩათრევისგან. ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ და ქვეყნის გამყიდველებს კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ სამართლიანი პასუხი და გამანადგურებელი შედეგით უნდა დავამარცხოთ ომის და ქაოსის მომტანი ბოროტი ძალები. 26 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენთან ერთად. გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს სიმართლე! გაიმარჯვებს საქართველო და ჩვენი მაგარი ხალხი! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.