ირაკლი ღარიბაშვილი - ეთნიკური უმცირესობებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ქართული ენის არ ცოდნა, ამიტომ დავიწყეთ რეფორმა, შედეგად დაინერგა ბილინგური სწავლების მეთოდი ბაღებსა და სკოლებში
ჩვენი მადლიერება მინდა, გამოვხატო კიდევ ერთხელ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიმართ, რომელთა დახმარების შედეგად განხორციელდა უკვე 58 პირის ნეშტის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.
„მნიშვნელოვანი არის ჟენევის ფორმატის შენარჩუნება. აქაც მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ჟენევის ფორმატში.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია. აქვე მინდა შევეხო ქართული ენის გავრცელების, ქართული ენის, ზოგადად, ასამაღლებელი კურსების მნიშვნელობას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ეთნიკური უმცირესობებისთვის, ეს არის ქართული ენის არ ცოდნა, ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, მე ასე ვიტყოდი. შედეგად დაინერგა უკვე ბილინგური სწავლების მეთოდი საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. ჩვენ უნდა დავიწყოთ, ბაღებიდან უნდა დავიწყოთ არაეთნიკური მოქალაქეებისთვის ქართული ენის სწავლება. გაგრძელდება ეს სკოლებში და ბილინგური მეთოდით სწავლება არის, ვფირობ, ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავააქტიურებთ, გავაფართოვებთ და მოიცავს უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.