საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტს მარიჩელ ბატეტს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საპარლამენტო მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები იყო.
მათივე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ საქართველოს ესპანეთის სამეფოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და აუცილებელია მისი გაღრმავება პარლამენტების დონეზე.
შეხვედრისას განიხილეს შემდგომი ნაბიჯების გადადგმის პერსპექტივა საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით. ამ მიმართულებით, ინიცირებულ იქნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ეკონომიკური კომიტეტების ერთობლივი ფორუმის ორგანიზების საკითხი, რაც აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის სასარგებლო ფორმატი იქნება.
ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ესპანეთის სამეფო საქართველოს მხარს უჭერს ყველა საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება, მათ შორის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. შეხვედრისას, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე რეგიონში და სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ხალხთაშორისი და კულტურული კავშირების განვითარებას.
ესპანეთის სამეფოს კონგრესში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე დაესწრნენ. მთავრობის მეთაურმა ესპანეთის სამეფოს კონგრესის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.