ირაკლი ღარიბაშვილი - ეს იყო განსაკუთრებული წარმატებების წელი უახლეს ისტორიაში, მსოფლიოსთვის ურთულესი გამოწვევების პერიოდში უზრუნველვყავით მშვიდობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ქვეყნის განვითარებისკენ
ეს იყო განსაკუთრებული წარმატებების, წინსვლის წელი ჩვენს უახლეს ისტორიაში. მსოფლიოსათვის ასეთი ურთულესი გამოწვევების პერიოდში უზრუნველვყავით მშვიდობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად, დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახლა, როცა საქართველო ისე ახლოსაა ეროვნული მიზნების მიღწევასთან, როგორც არასდროს, 2024 წელს ხვდებიან ახალი იმედებითა და მიზნებით.
„ძვირფასო თანამოქალაქენო, ჩემო მეგობრებო, სულ მალე დასრულდება 2023 წელი. ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი ჩვენს უახლეს ისტორიაში. მსოფლიოსათვის ასეთი ურთულესი გამოწვევების პერიოდში ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელს მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით. ამ პროცესების დაგვირგვინებად, ჩვენი ერთიანი, ღირსებასა და სიმართლეზე დაფუძნებული შრომის საუკეთესო აღიარებად იქცა ისტორიული მოვლენა – საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ მიღწევამ, რომელსაც ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს, არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა. და ახლა, როდესაც საქართველო ისე ახლოსაა თავისი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, როგორც არასდროს, დამდეგ 2024 წელს ახალი იმედებით, მიზნებითა და ამოცანებით ვხვდებით, ვხვდებით შემართებით და მზაობით, კვლავაც თავდაუზოგავად ვიშრომოთ ამ ეროვნული მიზნების მალე მისაღწევად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.