ირაკლი ღარიბაშვილი - ერთობლივი საწარმოს შექმნაზე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები პოლონეთთან, ჩეხეთსა და ისრაელთან
ირაკლი ღარიბაშვილი - ერთობლივი საწარმოს შექმნაზე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები პოლონეთთან, ჩეხეთსა და ისრაელთან

ერთობლივი საწარმოს შექმნაზე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები პოლონეთთან, ჩეხეთსა და ისრაელთან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე მისთვის დასმული ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარებას შეეხებოდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს, „დელტაში“ კი ბევრი გამოცდილი თანამშრომელი მუშაობს, მაინც საჭიროა მეტი ცოდნის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან. მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ამ მიმართულებით ერთგვარი გარღვევა მოხდეს და სხვა ქვეყნებთან ერთობლივი საწარმოები შეიქმნას.

„ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები. ვმუშაობთ პოლონეთთან, ჩეხეთთან, ასევე ისრაელთან. არის საინტერესო ინიციატივები. ვგეგმავთ უფრო სერიოზული, მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანების, ჯავშანტექნიკის წარმოებასაც 2021 წლიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით მინისტრობის კანდიდატმა შესაბამისი მაგალითიც მოიყვანა.

„ჩვენ მარტივად შეგვიძლია, ვაწარმოოთ დრონების კარკასი, მაგრამ ტვინი, რომელიც მისი მამოძრავებელია, ჩვენ არ შეგვიძლია ვაწარმოოთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ერთობლივი საწარმოს შექმნა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.