ირაკლი ღარიბაშვილი - ექვსი წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან, ვიყენებთ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ
ექვსი წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა კაცი საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქვეყანა არასოდეს შეეგუება დანაშაულებრივ ოკუპაციას.
„ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მშვიდობიანად დასასრულებლად“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.