ირაკლი ღარიბაშვილი - „ენკასთან“ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი, ჩვენი სუვერენული უფლებაა, ინვესტორს ვესაუბროთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც მოსახლეობას, მათ შორის მეც მაწუხებდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკასთან“ გაფორმებულ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი, რასთან დაკავშირებითაც ინვესტორსაც ესაუბრა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის სუვერენული უფლებაა, ინვესტორს ესაუბრონ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა.
ამასთან, მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ ხელისუფლება გააგრძელებს დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან.
„უპირველესად, დიახ, გიდასტურებთ, რომ ეს კონტრაქტი მე მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე, როგორც ძალიან ბევრი რაღაც. ბუნებრივია, ამ კონტრაქტში ბევრი რაღაც იყო მიუღებელი, ამის თაობაზე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან – ეს ერთი. ჩვენი აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა, მათ შორის, მაწუხებდა მეც, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს, და ეს სავსებით ნორმალურია. მეორე – რაც შეეხება ზოგადად პროცესს, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ შევუქმენით აბსოლუტურად ყველა პირობა, რათა ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და შემდგომ ბედს უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ამ თემაზე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„რაც შეეხება კითხვას, მქონდა თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტ ერდოღანთან, ჩვენ არ გვქონია ამის თაობაზე კომუნიკაცია და ეს არის წმინდად ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით. მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს, ბუნებრივია, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. მინდა, ასევე ვთქვა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში, და ჩვენ ამ მიმართულებით არავითარ პრობლემას, დაბრკოლებას არ ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რამდენის გადახდა მოუწევს საქართველოს, ღარიბაშვილის თქმით, ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, კომპანიის მიერ დახარჯული ინვესტიციების მოცულობის შეფასების მიხედვით მოხდება მოლაპარაკება, უამრავი ვერსია არსებობს და ამ მიმართულებით პრობლემას ვერ ხედავს.
„ეგ არის ძალიან შორეული პერსპექტივა. არავინ იცის, რამდენის გადახდა მოგვიწევს. თუ კომპანია დატოვებს, რა თქმა უნდა, დაითვლება, ამის აუდიტს გააკეთებს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია, რომელიც შეაფასებს კომპანიის მიერ დახარჯული ინვესტიციების მოცულობას. ამის მიხედვით მოხდება მოლაპარაკება. შეიძლება, კომპანიამ გამოისყიდოს. უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს. ასე რომ, მე ვერ ვხედავ პრობლემას ამ მიმართულებით“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.