საზოგადოებას ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის, მათ შორის თქვენ მაგივრად, ძვირფასო ოპონენტებო, ბოდიში მინდა, მოვუხადო, რადგან ამდენი მართლაც ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ სამწუხაროდ, რთულია, ასეთ უმსგავსო ქმედებებს, შეურაცხყოფებს და ეპითეტებს არ გამოეხმაურო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის მუშაობის წლიური ანგარიში წარადგინა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პირველი რეკომენდაცია და დათქმა, რომელიც ევროკომისიამ ჩაწერა რეზოლუციაში, იყო პოლარიზაციის დასრულება, თუმცა ის, რაც დღეს დესტრუქციული ძალების მიერ მოხდა პარლამენტში, არის პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა.
„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების უმეტესობა არ არის დარბაზში. ძალიან სამწუხარო ტრადიციაა მათგან, იციან დესტრუქციული კითხვების დასმა და მერე დარბაზის დატოვება. მე დღეს აქ მოვედი, რათა ანგარიში ჩავაბარო ჩვენს ხალხს, ჩვენ დეპუტატებს და არ მოვედი იმისთვის, რომ ამ უმსგავსო დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც დაიწყეს დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებმა. პირველივე მათი შემოტევა და მათი შეურაცხმყოფელი განცხადებები გათვლილი იყო, რომ ეს დისკუსია არ შემდგარიყო და ხალხს არ მოესმინა ის რეალური მიღწევები, შედეგები, რომელიც ჩვენმა გუნდმა ბოლო 10 წლის განმავლობაში მოვუტანეთ ჩვენ ქვეყანას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და მე, როგორც მთავრობის მეთაური, ვარ ვალდებული, რომ ჩვენ ხალხს ვუთხრათ სიმართლე. ასეთი ფორმატი რომ არ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს არის ის მწარე რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ გვიწევს გამკლავება და ცხოვრება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პირველი რეკომენდაცია, პირველი დათქმა, რომელიც ევროკომისიამ ჩაგვიწერა, იყო პოლარიზაციის დასრულება. ის, რაც დღეს ვიხილეთ დესტრუქციული ძალის მხრიდან, არის პოლარიზაციის გაღვივების, გამძაფრების მცდელობა.
ჩვენ ადამიანები ვართ ყველა, გვიწევს ასეთ შეურაცხყოფაზე, უმსგავსობაზე რეაგირება. როდესაც ასეთი ზღვარგადასული შეურაცხყოფა მოდის ჩვენი ოპონენტების მხრიდან, შენ გიჩნდება სურვილი, რომ ამ ყველაფერს სიმართლე დაუპირისპირო. ხანდახან სიმართლე მძიმე მოსასმენია, მაგრამ მინდა, ერთ რამ ვთქვა, ჩვენ ჩვენი ქმედებით, საქმით უნდა ვაჩვენოთ, რეალურად ვის გვსურს ქვეყნის წინ წაწევა, განვითარება, გაძლიერება და ვის სურს ქვეყნის რეალურად განვითარების შეფერხება. ბოლო 9-10 წელია, ჩვენ ვისმენთ და ვართ მომსწრენი ამ დესტრუქციული ქმედებების. ცდილობენ, რამენაირად შეაფერხონ ქვეყნის განვითარება, ამ პირობებში ჩვენი შედეგები ხელშესახებია.
მინდა, კითხვა დავუსვა საზოგადოებას და ოპონენტებს, გამახსენეთ ერთი კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ამ კონკრეტულმა ძალამ მოუტანა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ვინმეს გახსენდებათ? მე მახსენდება შევარდნაძის დროს, როდესაც ევროპის საბჭოს წევრი გახდა საქართველო, მახსენდება როცა შევარდნაძის დროს გაკეთდა ოფიციალური განაცხადი ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ მახსენდება ბევრი ანტიჰუმანური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული ქმედებები, რომელსაც აღნიშნული ძალის წარმომადგენლები ყოველდღე ჩადიოდნენ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ეს ძალა ყველაზე მკაფიოდ ნათლად გამოკვეთილი ანტიევროპული ძალაა.
„ისინი ჩვენ გველაპარაკებიან და კითხვებს სვამენ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ჩვენ, ვინც ქვეყანას რეალურად მოვუტანეთ ასოცირების შეთანხმება, რომელიც თქვენი მმართველობის დროს გაჭიანურდა, სამი წელი ვერ დაიწყო პროცესი. სამი წლის დაგვიანებით დაიწყო საქართველომ ეს პროცესი, ამაზე რატომ არ აკეთებენ განმარტებას? იციან, რომ პასუხი არ აქვთ. ყველას კარგად გვესმის, რომ მათ არავითარი ევროპული არ სჭირდებოდათ, მათ სჭირდებოდათ კლასიკური დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი.
ძალიან სამწუხაროა, აქ ადამიანებს აქვთ პრეტენზია, რომ ევროპულ იდეას და იდეალებს იცავენ, სააკაშვილის დროს მე არ მახსენდება იგივე ამ ადამიანებისგან, რაიმე კრიტიკა, არ მახსენდება თქვენი განცხადებები იგივე თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით. ევროპულ ინტეგრაციაზე, მთავრობის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რატომ არ სთხოვდით პასუხებს? ამ დროს ჩვენმა გუნდმა მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. ეს მართლაც არის ისტორიული გადაწყვეტილება.
მე ამით დავიწყე ჩემი საუბარი და შემდეგ მინდოდა, მესაუბრა ეკონომიკაზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკაზე და ა.შ. სამწუხაროდ, მათ იციან კარგად, რომ ეს არის მართლაც დიდი მონაპოვარი. შემთხვევით ჩვენ არავინ არაფერს გვაჩუქებდა, არავინ არაფერს მოგვცემს, თუ არ იქნებოდა დამსახურება. ჩვენ ეს დავიმსახურეთ, ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ისტორიული ჩანაწერი. ამას ითხოვს ხალხი 30 წელია.
საზოგადოებას ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის, მათ შორის თქვენ მაგივრად, ძვირფასო ოპონენტებო, ბოდიში მოვუხადო, რადგან ამდენი მართლაც ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ სამწუხაროდ, რთულია, ასეთ უმსგავსო ქმედებებს, შეურაცხყოფებს და ეპითეტებს არ გამოეხმაურო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.