საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან შეხვედრაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და აშშ-ის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის მთავრობას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებს შორის საუბარი საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსა და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ელიზაბეთ რუდმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების დოკუმენტის განახლების საკითხიც განიხილეს, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-თან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.