ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკის სამინისტრომ ბაკურიანის გათოვლიანების ტენდერი იმ კომპანიას დაუკვეთა, რომელმაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა ჩაატარა და დადგენილი კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილა
ეკონომიკის სამინისტრომ ბაკურიანის გათოვლიანების ტენდერი იმ კომპანიას დაუკვეთა, რომელმაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა ჩაატარა და რომელმაც დადგენილი კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში კორუფციული გარიგების გზით გაიმარჯვა და ამ დეზინფორმაციის უკან მამუკა ხაზარაძის კომპანია დგას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო დადგენილი წესების და კანონების მიხედვით მოქმედებს და თუ კომპანია დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, არ აქვს მნიშვნელობა მის უკან ხაზარაძე დგას თუ ვინმე სხვა.
„როგორც სხვა შემთხვევაში, ახლაც, ამ დეზინფორმაციის უკან დგას ხაზარაძის კომპანია და მისი ჯგუფი. თუ გაინტერესებთ, თქვენ, „ტვ პირველი“ ფინანსდებით ნაწილობრივ კეზერაშვილისგან, ნაწილობრივ სააკაშვილისგან, ნაწილობრივ ხაზარაძისგან და გასაგებია თქვენი მოტივაცია. მთავარი მინდა გითხრათ, რომ მე გამოვითხოვე ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროსგან, მივიღე გადაწყვეტილება და სამინისტრომ ყველაზე მაგარ, ნომერ პირველ კომპანიას დაუკვეთა. მით უმეტეს, იქ გარკვეული კრიტერიუმები იყო განსაზღვრული. ეს კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილა აი ამ ნომერ პირველმა კომპანიამ, რომელმაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა ჩაატარა, მათ შორის ბოლოს შარშან ჩინეთში. სამწუხაროდ, დადგენილ კრიტერიუმებს თუ ვერ აკმაყოფილებს რომელიმე კომპანია, მნიშვნელობა არ აქვს, ხაზარაძე უდგას, მალხაზი თუ ვინმე სხვა, ჩვენ, სახელმწიფო ვიმოქმედებთ წესების და კანონების მიხედვით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებას ეკონომიკის სამინისტრო გაავრცელებს.