ირაკლი ღარიბაშვილი - ებრაელები აღნიშნავენ ხანუქას უდიდეს დღესასწაულს, მინდა, ებრაელ ხალხს და ყველა ებრაელს მთელ მსოფლიოში ვუსურვო მშვიდობა, გამარჯვება და კეთილდღეობა
დღეს ებრაელები მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ უდიდეს დღესასწაულს – ხანუქას დღესასწაულს, როგორც სიმბოლოს სინათლის გამარჯვების სიბნელეზე. მინდა, მთელ ებრაელ ხალხს და ყველა ებრაელს მთელ მსოფლიოში ვუსურვო მშვიდობა, გამარჯვება და კეთილდღეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ებრაელ და ქართელ ხალხებს შორის ურთიერთობა და ძმობა საუკუნეების განმავლობაშია გამოცდილი და მსოფლიო ისტორია არ იცნობს ბევრ ასეთ ანალოგს.
„საღამო მშვიდობის ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ებრაელო ძმებო. გვიროთაი, ვერაბოთაი, ახიმ შელი, ხაქ ხანუქა სამეახ! ყველას გილოცავთ ხანუქას, ამ დიდ დღესასწაულს. დიდი პატივია ჩემთვის, თქვენთან ერთად აღვნიშნო დღევანდელი დღე, ჩემო ძვირფასო, საყვარელო დებო და ძმებო. დღეს მე უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში მეხუთედ ვზეიმობ თქვენთან ერთად ამ დღესასწაულს. მე მივესალმები საქართველოში ისრაელის ელჩს, ყოფილ ელჩს შაფთაი ცურს, ქნესეთის წარმომადგენელს, ბატონ დავითს და ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, რაბინ იაკობს. მინდა, ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ აღვნიშნო იმ უნიკალური ურთიერთობის, იმ უნიკალური ძმობის შესახებ, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის ჩამოყალიბდა. ეს ურთიერთობა და ძმობა საუკუნეების განმავლობაშია გამოცდილი და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ისტორია არ იცნობს ბევრ ასეთ ანალოგს. დღეს ებრაელები მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ უდიდეს დღესასწაულს – ხანუქას დღესასწაულს, როგორც სიმბოლოს სინათლის გამარჯვების სიბნელეზე. მინდა, მთელ ებრაელ ხალხს და ყველა ებრაელს მთელ მსოფლიოში ვუსურვო მშვიდობა, გამარჯვება და კეთილდღეობა. ჩვენ ძალიან ბევრი გულწრფელი და ნამდვილი მეგობარი გვყავს ისრაელში. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ქართველი ებრაელები, რომლებიც დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, მაგრამ მათთვის საქართველო რჩება მეორე სამშობლოდ. კიდევ ერთხელ მადლობა ძმობისთვის, მადლობა მეგობრობისთვის. ხანუქა სამეახ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სინაგოგაში ხანუქას სანთელი აანთო. თბილისის დიდ სინაგოგაში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ასევე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი, საქართველოში ისრაელის ყოფილი ელჩი შაფთაი ცური, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ბიტანი, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, თბილისის სინაგოგის მთავარი რაბინი რახამინ მურდუხაშვილი და მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი.