ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ, მძიმე მდგომარეობაში არიან
ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ, მძიმე მდგომარეობაში არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველას კარგად ესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს ყოფილა პასუხისმგებლიანი და არც ე.წ. ლიდერები არ არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები.
„დიდი ილუზიები არავის გვაქვს. ჩვენ გვესმის ძალიან კარგად, რომ „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია, არც არასდროს ყოფილა პასუხისმგებლიანი ძალა და არც მათი ე.წ. ლიდერები არ არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ, პარტიამ და ლიდერებმა დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგულნი ჩვენი ამომრჩევლებისა და ქვეყნის წინაშე. ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც იყო შარლ მიშელის მედიატორობით შედგენილი. ამით, რა თქმა უნდა, დემონსტრირება გავაკეთეთ ჩვენი კეთილი ნებისა და მზაობის. ვნახეთ, რომ ახლა ეს ადამიანები, რეალურად რაც ხდება, რაც გარედან ჩანს და შიგნიდანაც ვიცით ინფორმაციები, ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, ძალიან უნდათ შესვლა პარლამენტში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რცხვენიათ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მესმის პირადად მისიც, რადგან ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, სახელწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე, თავის ჭკუით, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ. დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს, მიიღო კიდევაც გირაო. ახლა ამბობს, ბაქი-ბუქობდა ტყუილად რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, შიგნიდან ვიცით, რომ მას ძალიან უნდა შესვლა პარლამენტში. თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს და დაამტკიცოს, როგორი პრინციპული ადამიანი არის ის და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებიც. სხვა მეტი კომენტარი რა შემიძლია გავაკეთო ამ უპასუხისმგებლო მოვლენების განვითარებაზე, ზოგადად მათ განცხადებებსა და ქმედებებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მოსახლეობა დაიღალა მათი მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით, ღარიბაშვილის განცხადებით, ახლა არ არის გაუგებრობებზე დასაკარგი დრო.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქმე, დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ძალიან დიდ პაკეტზე ვმუშაობთ, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებისთვის იქნება წარმოდგენილი. ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან გეგმებზე თითოეულ რეგიონის მიმართულებით, როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, როგორ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, ტურიზმი და ასე შემდეგ. აი, ეს არის ჩემთვის რეალურად ის საკითხები, რომელიც მე მაწუხებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.