ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან საინტერესო გზა გვაქვს გასავლელი, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რამაც ქვეყანას მოუტანა კონკრეტული შედეგები
მინდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ევროპელ, ამერიკელ კოლეგებს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკა, მე პირადად ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდი, მქონდა წარმატებული ვიზიტები, შეხვედრები და ორმხრივი ურთიერთობები სხვა ნიშნულზე გადავიდა, არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განვითარდა და სხვა ნიშნულზე ავიდა.
„ჩვენ გვქონდა არაერთი წარმატებული შეხვედრა და გავაძლიერეთ, განვამტკიცეთ, როგორც ორმხრივი ურთიერთობა, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ჩვენი ურთიერთობები. ასევე, მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი რეგიონში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთში, სადაც ჩვენ გავხდით ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც არის მეორე მსოფლიო ეკონომიკა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გამყარებას, ასევე ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. რეგიონში ჩვენ გვაქვს სრული ჰარმონიული ურთიერთობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან. საქართველო ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდი ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკა გვქონდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ახლა მთავარია რეფორმების კურსის გაგრძელება.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ელჩს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილიას. ვიცი, რომ სამინისტროში ძალიან ბევრი საკითხი იყო მოგვარებული, გადაჭრილი უშუალოდ ბატონი მინისტრის ხელმძღვანელობით, მას ნამდვილად ეკუთვნის მადლობა ამ ეფექტიანი მმართველობისთვის. ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა არის რეფორმების კურსის გაგრძელება, სწრაფი განვითარების მოტანა. ჩვენ არაერთი ეფექტიანი ნაბიჯი გადავდგით ქვეყნის კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადასაყვანად. ბოლო წლებში დავიწყეთ აქტიური მუშაობა, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე დიდი, მსხვილი პროექტების, როგორიც არის ანაკლიის პორტის, აეროპორტის განვითარება. გრძელდება ასევე მუშაობა შავი ზღვის კაბელის პროექტზე. რამდენიმე თვეში გვექნება საბოლოო კვლევა. ამას გარდა მიმდინარეობს აქტიური აღმშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში, მთელ ქვეყანაში. ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის თქმით, კეთილდღეობა, ეკონომიკური წინსვლა-განვითარება, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე.
„მშვიდობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ კარგად მოგვეხსენება ჩვენი უახლესი ისტორია, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის ერთადერთი უპრეცედენტო გამონაკლისი დეკადა ათწლიანი მმართველობისა ჩვენი ხელისუფლების, როცა არ ყოფილა არავითარი სერიოზული კონფლიქტი, ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები. ყველა მმართველის დროს, ქვეყანაში იყო ომი, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირება, უბედურება, ტრაგედიები, ტერიტორიების დაკარგვა, ადამიანების მიგრაცია და ა.შ. რამაც ძალიან უკან დახია ჩვენი ქვეყანა და ჩვენ პრაქტიკულად გვიწევს ძალიან ბევრი რამის ხელახლა გაკეთება და აშენება. ეს არ ეხება მხოლოდ გზებს და ინფრასტრუქტურას, არამედ ყველა ქალაქს, მუნიციპალიტეტს. ასე რომ, ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო გზა. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება. იმ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის შენარჩუნება, რამაც ქვეყანას მოუტანა კონკრეტული ხელშესახები შედეგები და რა თქმა უნდა იმ რეფორმების გაგრძელება, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ“, – განაცხადა პრემიერმა.