ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან მშვიდ, თავისუფალ არჩევნებს ჩავატარებთ, არც ერთ პროვოკატორს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას
ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ ეს ადამიანები არ მოვუშვათ ხელისუფლებაში მეორედ და ის უბედურება, რომელიც მათ დააწიეს ქვეყანას, აღარ განმეორდეს, დაწყებული ტერიტორიების დაკარგვით, ოკუპაციით და დამთავრებული ხალხის ჩაგვრით და წამებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში, ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს, მჩაგვრელ და მოძალადე კაცს, არავითარი პერსპექტივა არ აქვს.
„უხერხულობას უქმნის ქართველ ხალხს ეს მოძალადე ძალა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. თქვენი ტელევიზია არის დაფინანსებული მძარცველი, კორუმპირებული კაცის, კეზერაშვილის მიერ და სააკაშვილის მიერ. ეს არ გიქმნით თქვენ უხერხულობას? გაძარცვეს მთელი ჯარი და მთელი ჯარის ბიუჯეტი შეჭამეს მათ. ეს არის რეალობა და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. უხერხულობა არის ის, რომ დღესაც, ეს მოძალადე კრიმინალები, სადისტები და მკვლელები არიან პოლიტიკაში. რას ნიშნავს უხერხულობას მიქმნის? ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ მოსახლეობას ველაპარაკოთ და ყველა კრიმინალი დაისაჯოს. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ეს ადამიანები არ მოვუშვათ ხელისუფლებაში მეორედ და ის უბედურება, რომელიც მათ დააწიეს ქვეყანას, აღარ განმეორდეს, დაწყებული ტერიტორიების დაკარგვით, ოკუპაციით და დამთავრებული ხალხის ჩაგვრით და წამებით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და არა უხერხულობა. უხერხულობა უნდა შეექმნას გიგი უგულავას და შეექმნება ყველგან, ყველა ქალაქში. მათ არ მიეცემათ საშუალება და ფუფუნება იმისა, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ და მოსახლეობას ტყუილები ელაპარაკონ. ეს არის რეალობა და ამას უნდა გაუსწორონ მათ თვალი.
ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მშვიდ, თავისუფალ არჩევნებს ჩავატარებთ. ასეთი მოწოდება, მოტივაცია გვაქვს ჩვენ ყველას და არც ერთ პროვოკატორს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას.
საბოლოო ჯამში, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს, ამ მჩაგვრელ და მოძალადე კაცს, არავითარი პერსპექტივა არ აქვს. სააკაშვილი იჯდება დიდხანს ციხეში, იმდენ ხანს, რამდენიც არის განსაზღვრული მისი სასჯელის მიხედვით. ეს უნდა იცოდეს ყველამ და არავითარი ზედმეტი სპეკულაციები აღარ არის საჭირო ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.