ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან განვიცდით ყაზახეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, ვიმედოვნებთ, უმოკლეს ვადებში ყველა ზომა იქნება მიღებული ვითარების საბოლოო დეესკალაციისთვის
ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რაც ყაზახეთში განვითარდა, იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბოლოო დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, გამოვეხმაურო ყახაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რაც ყაზახეთში განვითარდა და რომლის შედეგადაც დაიღუპა ათობით ადამიანი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბოლოო დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით. გვსურს, რომ ქვეყანამ ძალიან მალე შეძლოს კრიზის შედეგების დაძლევა. ვუსურვებთ სვლის გაგრძელებას შემდგომი განვითარების მიმართულებით ჩვენ მოძმე ყაზახეთს და ყაზახ ხალხს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან ყაზახეთში, ქვეყანაში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.
„რაც შეეხება ყაზახეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა შესაძლებლობის ფარგლებში ხაზზე იყო მათთან და უწევდა შესაბამის დახმარებას ადგილზე.
მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, მათი ნაწილი დაბრუნდა საქართველოში. საქართველოს იმ მოქალაქეებთან, ვინც რჩებიან ადგილზე, საელჩო აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში უწევს დახმარებას. მათი საქართველოში დაბრუნება უახლოეს დღეებში მოხდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.