ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან ბევრი ცილისწამება, ტყუილი და მანიპულაცია მოვისმინეთ, ეს გვესმის ძალიან კარგად, ვინაიდან ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე
ამ დღეების განმავლობაში დეტალურად მიმოვიხილეთ ჩვენს მიერ განხორციელებული საქმეები, მნიშვნელოვანი რეფორმები, კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, თუ სად ვიყავით, სად ვართ და სად გვინდა, რომ ვიყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
„მე ასევე დეტალურად წარმოგიდგინეთ, გამოვკვეთე ის ძირითადი პარამეტრები და კონტურები ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისა, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, განვითარებას და ჩვენი სამშობლოს გაძლიერებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დარბაზში იყო ბევრი ცილისწამებაც, ტყუილი და მანიპულაცია.
„ბუნებრივია, ძალიან ბევრი ცილისწამება მოვისმინე, ძალიან ბევრი ტყუილი, ბევრი მანიპულაცია, ეს გვესმის ძალიან კარგად, ვინაიდან ვიცით, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ბატონმა ირაკლიმ ძალიან სწორი შეფასება გააკეთა, როცა მორიელს შეადარა ის ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ყოველთვის, მეგობრებო, უნდა შევახსენოთ პირველ რიგში ჩვენს თავს და ვსაუბრობთ რა ჩვენს ახლო წარსულზე ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევედაროთ „ნაცმოძრაობას“ და წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი იმგვარად, თუ როგორი კარგები ვართ. არამედ ეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, მოსახლეობას, რომ წარსულში ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. არა ერთხელ გაჟღერდა ამ დარბაზში 90-იანი წლები. 30 წელს ითვლის ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატია. ძალიან ბევრი ტრაგიკული შეცდომა, ფატალური შეცდომა დავუშვით ჩვენ, ჩვენმა ხალხმა და იმ ელიტებმა, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას წლების განმავლობაში. მოდით, ვთქვათ მაშინ, რას მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში.
90-იანი წლებში, მას შემდეგ რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, მთელი ერი იყო გაერთიანებული საერთო დიდი მიზნის გარშემო. ეს იყო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დიადი იდეა, რასაც მივაღწიეთ, ბუნებრივია, დაინგრა საბჭოთა კავშირი. ამის შემდეგ ჩვენი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ელიტების მიერ ქვეყანა ჩაება სამოქალაქო ომში, ძმათა მკვლელ ომში, დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ ომი აფხაზეთში, სამაჩაბლოში. ჩვენმა გათიშულობამ და ერის გახლეჩამ, განაპირობა ის, რაც განაპირობა, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ“,- აღნიშნა პრემიერმა.