საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში გადადგმული წარმატებული ნაბიჯები, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი დასკვნისათვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნისთვის შემდეგი ეტაპია კანდიდატის სტატუსის მიღება.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკომისიის ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებით, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება.