ირაკლი ღარიბაშვილი - დიდი ოპტიმიზმით ველოდები კანდიდატის სტატუსზე ჯერ 8 ნოემბრის, შემდეგ კი დეკემბრის გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად
არ მინდა, წინასწარ გავასწრო მოვლენებს და რაიმე დავაანონსო, მაგრამ ვითვალისწინებ რა ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, მსოფლიოში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას, დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის, შემდეგ კი დეკემბრის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, რამდენადაც შესაძლებელი იყო, საქართველომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაციები.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე, რომ საქართველომ ძალიან გამჭვირვალე პროცესი განახორციელა, თორმეტივე რეკომენდაციას ვუპასუხეთ და რაც შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შევასრულეთ. ეს პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, ღია. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ხელის შემშლელი გარემოება არსებობდა, ძალიან ბევრი საბოტაჟი თუ ბევრი ხელოვნური ბარიერი იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დღეს ვართ ამ მდგომარეობაში – არ მინდა, წინასწარ გავასწრო მოვლენებს და რამე დავაანონსო, მაგრამ ვითვალისწინებ რა ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც შექმნილია მსოფლიოში, ვითვალისწინებთ რა იმ პრეცედენტებს, რომლებიც შეიქმნა, შარშან კანდიდატის სტატუსი მისცეს მოლდოვას, უკრაინას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ საქართველოსთან შედარებით, დიდი ოპოტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. არ მინდა, ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, „გლობალური კარიბჭის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა მუდმივ კომუნიკაციაში, კოორდინაციაში იმყოფება ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან.
„ჩემს გამოსვლაში ისიც ვთქვი, რომ გვქონდა ძალიან აქტიური კოორდინაცია და ინტერაქცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, პარტნიორებთან. იყო მთელი რიგი დაზუსტებები. საკმაოდ მოკლე პერიოდში, რამდენიმე კვირაში უფრო შთამბეჭდავი პროგრესიც ვაჩვენეთ, რომელიც აღინიშნა ჩემს შეხვედრებში. გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ პირადად მე, ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერი ვართ კომისარ ვარჰეის, რომელიც არის ერთ-ერთი ღია, ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და მხარდამჭერი იმისა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩემი გზვნილი არის მარტივი. მე ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, რადგან ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში. რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაციაა მთელ მსოფლიოში. უკრაინის ომის გარდა, მოგეხსენებათ, სიტუაცია ძალიან დაიძაბა ახლო აღმოსავლეთში, ამ ყველაფერს ექნება თავისი შედეგები ჩვენს რეგიონზე, მთლიან მსოფლიოზე. ამიტომ ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა დავდგეთ ძლიერად, მტკიცედ, გავაგრძელოთ რეფორმები. ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, რომ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ამ რეფორმებს, კოორდინაციას ევროპელებთან. ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მაგრამ უნდა დაველოდოთ და საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.