ირაკლი ღარიბაშვილი - დიდი მემკვიდრეობა, დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროპის დიდი ოჯახის ღირსეულ წევრობას
ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა; მას შემდეგ მთელ ჩვენს განვითარებას სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული კულტურული საგანძურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ქართული რენესანსი, ხოლო ვახტანგ VI-ისა და სულხან-საბას, მოგვიანებით ერეკლე II-ის ეპოქებში, ჩვენთან ევროპის კვალდაკვალ ვითარდებოდა განმანათლებლობისა და ინდუსტრიალიზაციის პროცესები.
„ევროპული ფასეულობებისა და ცხოვრების წესის, ევროპული ინსტიტუციური მოწყობის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუძემდებელთა – ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილისა და სხვა დიდ მამულიშვილთა მოღვაწეობა. ამიტომ, თანამედროვე საქართველო სწორედ ასეთ დიდ მემკვიდრეობას ეფუძნება და მისი გაძლიერებისა და განვითარებისთვის ჩვენ, ხელისუფლება და ხალხი ერთად, თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ეს მემკვიდრეობა და დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარზე მდებარე ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მშვიდობას, წინსვლასა და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.