ირაკლი ღარიბაშვილი - დღევანდელ რეალობაში დესტრუქციულობა პოლიტიკად საღდება, ძალადობა კი ლამის გმირობად, უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფომ ზოგ შემთხვევაში, ამას სათანადო პასუხი არ გასცა
ყველაზე საგულისხმო სიმპტომი, რაც ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს, არის ერთგვარი მზარდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ელიტებსა და მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შორის. ეს დღეს მთელი მსოფლიოსა და სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემაც არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს კარგად ხედავს.
„ეს კი, რა თქმა უნდა, არაფერ კარგს არ გვიქადის. მიჩნეულია, რომ უთანასწორობა ამძაფრებს უსამართლობის განცდას მოსახლეობაში. გასაკვირი არ არის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ძალების გარკვეულ წრეებში, ჯერაც პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, რომლებიც იმაზე ფიქრში იძინებენ და იღვიძებენ, როგორ ისარგებლონ უკმაყოფილების ამ განწყობით, რომელიც ობიექტური მიზეზებით, თუნდაც მათივე მონაწილეობით შეიქმნა ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხედავს ამ მცირე, მაგრამ ხმაურიანი ნაწილის ზრახვებს, მიზნებს, თუ რისთვის სჭირდებათ მათ ჩვენი საზოგადოების დაყოფა და არა ერთიანობა. ისინი მუდმივად ქაოსისა და არეულობისკენ ისწრაფვიან, რადგან სრული უსუსურობისა და მარცხის ფონზე, ასე შეუძლიათ მიიპყრონ რაიმე ყურადღება. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რადიკალიზმი, ასეთი დესტრუქციულობა პოლიტიკად საღდება ჩვენს დღევანდელ რეალობაში და ძალადობა ლამის გმირობად. მაგრამ ვაღიაროთ – ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფომ ზოგიერთ შემთხვევაში, სათანადო პასუხი არ გასცა მათ მიერ ორგანიზებულ ძალადობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.