ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, არ იქნებოდა არც მშვიდობა, არც ეკონომიკური ზრდა, საბოლოოდ გაანადგურებდნენ ქვეყანას, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან პოლიტიკას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში წელს 7-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და მნიშვნელოვანია პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება.
ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდა, განვითარების მაღალი ტემპი – არაფერი არ იქნებოდა მშვიდობის პოლიტიკის გარეშე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
„რაც შეეხება ზოგად ეკონომიკურ ვითარებას, წელს 7-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მართლაც ძალიან კარგი ტენდენციებია, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტიური დინამიკა. მინდა, გამოვეხმაურო საქსტატის მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას. ყველა კვარტალში წელს გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. მილიონ 366 000 დასაქმებულია დღეს ქვეყანაში, ოფიციალურად რაც არის საქსტატის მიხედვით გამოქვეყნებული ინფორმაცია, რეკორდულია დასაქმების დონე. ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომლებიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო სხვა, წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, არც მშვიდობა, არც ეკონომიკური ზრდა – არაფერი იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ, გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა. ამიტომ ჩვენ ვინარჩუნებთ ამ მშვიდობიან პოლიტიკას და მაღალ ეკონომიკურ ზრდას, განვითარების მაღალ ტემპს. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს უკვე დაგეგმილი 2024 წელს, ჯამში, თითქმის 6.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე მთლიანად, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს. საჭიროა მაგარი, აქტიური, ეფექტური მუშაობა, დროული გადაწყვეტილებები და, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.