ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია მართვა, პასუხისმგებლობის აღება თითოეულ მოქალაქეზე, ქვეყნისა და ხალხის ბედზე
ახლა დავასრულეთ მუშაობა გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, ხედვაზე, ჩვენ ზუსტად და მკაფიოდ ვიცით, როგორ უნდა განვავითაროთ ქვეყანა, სოფლის მეურნეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულში, „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს საქართველოში.
„ძალიან ბევრი შეიძლება, ვისაუბროთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, მაგალითად, 3 000 სოფელს არ მიეწოდება ხარისხიანი წყალი, სოფლის მეურნეობის მიწების დამუშავება, იქნება ეს წყალგაყვანილობა, გაზიფიცირება, თუ ა.შ. გზების გაყვანა – ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით, მაქსიმალური შედეგი დავდეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. ამისთვის საჭიროა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი, გარანტირებული იყოს გრძელვადიანი, ძლიერი, სწრაფი განვითარება. ამას შეძლებს ერთადერთი სტაბილური გუნდი, ეს არის „ქართული ოცნება“. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი და იდეალურები, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ ამას არასდროს ვიტყვით, მაგრამ დღეს, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს საქართველოში. ჩვენ შეგვიძლია მართვა, პასუხისმგებლობის აღება ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ბედზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აცრისკენ.
„პანდემიის პირობებში გვიწევს კამპანიის ჩატარება. ჩვენ, ახლა, მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები, პირბადეებით, ასევე, აცრები, აცრები, აცრები, ყველამ უნდა ჩავიტაროთ აცრა, იმიტომ, რომ აცრა გვიცავს, იცავს ჩვენს მოქალაქეებს, მეგობრებს, ახლობლებს, მშობლებს სიკვდილისგან. ეს არის მთავარი არგუმენტი, რაც ყველამ კარგად უნდა გავიგოთ და ეს უნდა გავითვალისწინოთ.
მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, 3 მილიონზე მეტი დოზა ჩამოიტანა ადგილზე. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ადამიანს სჭირდება ვაქცინა, რომელიც უმკურნალებს პრობლემას, ეს ვაქცინები ხელმისაწვდომია და გვაქვს. ახლა მთავარია, ძალიან მარტივი აცრა ჩავიტაროთ ყველამ და ნუ შეგვეშინდება, არავითარი რისკი, არავითარი საშიშროება ამას არ ახლავს თან. მითი, ჭორი და ტყუილი ინფორმაციები ვრცელდება სხვადასხვა მედიასაშუალებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მე მინდა, რომ მოგიწოდოთ ყველას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ.
ჩვენ ძლიერად უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებზე, უნდა დავასტაბილუროთ ქვეყანა, მომდევნო სამი წელი უნდა იყოს განვითარების წლები. ყველაფერი, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2024 წელს, კიდევ უფრო ძლიერად უნდა შევხვდეთ საპარლამენტო არჩევნებს, ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა, განვითარება, განვითარება, განვითარება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.