ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა და ამისთვის კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ
ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული, უნიკალური ისტორიის მქონე ქვეყანა. სწორედ დედაქალაქი თბილისი არის გამორჩეული თავისი ისტორიით, კულტურით, მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური საზოგადოებით. თბილისი ქმნის ტოლერანტობის უნიკალურ მაგალითს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს და აღნიშნა, რომ კახა კალაძე ბევრს აკეთებს დედაქალაქისთვის.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს საჭიროა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, კეთილდღეობა, რისთვისაც „ქართული ოცნება“ უფრო მეტს გააკეთებს.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად თბილისობის აღნიშვნა. მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ და გითხრათ, რაოდენ საამაყოა და ბენდიერებაა, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული, უნიკალური ისტორიის მქონე ქვეყანა. სწორედ დედაქალაქი თბილისი არის გამორჩეული თავისი ისტორიით, კულტურით, მრავალეთნიკური საზოგადოებით, მრავალკონფესიური საზოგადოებით. თბილისი მართლაც ქმნის ტოლერანტობის უნიკალურ მაგალითს. ჩვენთან, ამ ქალაქში, მრავალი საუკუნეა, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის თუ ეროვნების წარმომადგენლები ყოველთვის სიყვარულით თანაცხოვრობდნენ და ეს შექმნა ამ საოცარმა დედაქალაქმა. მინდა, ამ სცენიდან თქვენთან ერთად მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ქალაქ თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს. კახამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის, ბევრს აკეთებს და ჩვენ გვჯერა, რომ იგი კიდევ უფრო მეტს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, დავესწრო ამ ცერემონიას. პირადად ჩემი და მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს პატივისცემას, მივესალმები კიდევ ერთხელ საპატიო მოქალაქეებს, საპატიო თბილისელებს. მინდა, დაგიდასტუროთ ჩვენი პატივისცემა, სიყვარული და მინდა, ვთქვა მთავარი – გუშინ, პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია, მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, სტაბილურობა და გვჭირდება განვითარება. ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა და ამისთვის ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. იმისთვის, რომ მიღწეული და შესრულებული იყოს ჩვენი მთავარი ოცნება და მთავარი მიზანი – ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენი ქვეყანა, მნიშვნელოვანი ნაწილი არის დროებით ოკუპირებული, მაგრამ მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.