ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება შემდგომი ოთხი წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, 54-ე საჯარო სკოლის შენობაში არსებულ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.
მისი თქმით, დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება შემდგომი ოთხი წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის.
„ყველას გილოცავთ, ვინაიდან დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება შემდგომი ოთხი წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის. მე დღეს რა თქმა უნდა მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ვინაიდან, ვიცით რა ჩვენ ომების მძიმე ფასი; ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და ზოგადად, ჩვენი განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.
დღეს ჩვენი ქვეყანა არის სულ სხვა ეტაპზე გადასული. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო არის უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე იყო ოთხი წლის წინ, თუნდაც რვა წლის წინ. და რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მშვიდობიანი განვითარება და ჩვენი ქვეყნის წინსვლა გავაგრძელოთ.
ასევე, მინდა აღვნიშნო ის, რომ მშვიდობიანი კამპანია იყო ზოგადად წარმართული ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად ჩვენი ოპონენტების არაერთგზის მცდელობისა, რომ მომხდარიყო საარჩევნო ფონის გაუარესება და არასწორი განცდების დამკვიდრება საზოგადოებაში. ეს ვერ იქნა მიღწეული და ვერ იქნება ვერაფერი მიღწეული, რაც არის მათი მხრიდან ჩაფიქრებული, ეს პროვოკაციები და დესტაბილიზაციის მცდელობები, რომელიც მათი მხრიდან გვესმოდა მთელი ეს პერიოდი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სახელმწიფო არის ძლიერი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს დაცული, ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.