ირაკლი ღარიბაშვილი - გამოდიან და საუბრობენ, თუ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა, არც ერთ შემთხვევაში, მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, დანარჩენი სამუშაო პროცესია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 30 წლის განმავლობაში, თუ ვინმეს რაიმე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ – ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და კულმინაცია იყო 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენა.
„ეს არის ყველაფერი ის, რაც ამ მოკლე პერიოდში ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო. მანამდე არავითარი ევროპული ქვეყანაში არ ხდებოდა, იყო წმინდა კლასიკური, დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, რომელიც ეფუძნებოდა ხალხის ჩაგვრას, წამებას, მკვლელობას და ასე შემდეგ, სადაც არ უნდა ყოფილიყო არავითარი თავისუფალი. და მთავარი – ჩვენმა პარტიამ 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ და განვსაზღვრეთ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური, ეს მხოლოდ ჩანაწერი ჩანაწერისთვის კიარ ჩავწერეთ, არამედ რეალური ხელშესახები შედეგები მოვუტანეთ ქვეყანას. დღეს გამოდიან და საუბრობენ, თუ არ მივიღებთ სტატუსს, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა. არც ერთ შემთხვევაში, მეგობრებო. მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას აღებული აქვს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების ვალდებულება, და რეფორმებს ბოლომდე მიიყვანენ.
„ჩემს გამოსვლაში ვთქვი და გავიმეორებ, რომ ჩვენ ევროკავშირთან, ბრიუსელთან შევთანხმდით, ასოცირების დღის წესრიგში ჩავწერეთ ყველა ის რეფორმა, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, რომელიც მთავრობამ უნდა გააგრძელოს და ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი ბატონ შარლ მიშელის ოფისის ხელმძღვანელთანაც. ჩვენ აღებული გვაქვს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების ვალდებულება, ამ ყველაფერს ვაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.