ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ევროპულ მომავალზე გველაპარაკება ძალა, რომელიც ადამიანებს კლავდა, აწამებდა, ოჯახებს ანადგურებდა, ჩვენი ხალხი ბრძენია და კარგად ხედავს სხვაობას
დღეს ევროპულ მომავალზე გველაპარაკება ძალა, რომელიც ადამიანებს კლავდა, აწამებდა, ოჯახებს ანადგურებდა, ჩვენი ხალხი ბრძენია და კარგად ხედავს სხვაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ვუბრუნდები საკითხს, რომელზეც არ მოგვისმენია განმარტებები. ბოლო ერთი წელია, ატყუებენ საზოგადოებას, არა მარტო ქვეყნის შიგნით. მჯერა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ტყუვდება და აღარასდროს მოტყუვდება ამათი სიცრუით, მაგრამ მთელ მსოფლიოში აწარმოეს კამპანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოწამლა სააკაშვილი, აწამა, მოკლა, გაცოცხლდა და ა.შ. ამაში თქვენმა ბელადმა და მისმა ოჯახმა მილიონობით დოლარი გადაიხადა, რომ შეელახა ჩვენი ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია. თანაც რა დროს, როცა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, უსაფრთხოების რისკები, ომი უკრაინაში, რომელზეც არავინ იცის, როგორ დასრულდება და რა შედეგს მოიტანს ეს ომი. ეს ომი ყველას გვეხება. ყველამ კარგად ვიცით, ამ ომმა შეიძლება, გადაწყვიტოს, შეცვალოს მთელი მსოფლიო წესრიგი, ევროპის მთლიანი უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ დროს, ასეთ ვითარებაში, მით უმეტეს, როცა ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს, როდესაც დადიხარ, დარბიხარ მთელ მსოფლიოში, იხდი მილიონებს, უკვეთავ სატელევიზიო ინტერვიუებს, ხაზგასმით აღვნიშნავ, თან ყოველ კვირა.
ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერთან ვიყავი, აღარ დავასახელებ ქვეყანას, ყოველ კვირას ფინანსდებოდა კონკრეტულ მედიასაშუალებებში ინფორმაცია, თითქოს ჩვენი ხელისუფლება აწამებს, კლავს, ტანჯავს სააკაშვილს რუსეთის დავალებით. რეზიუმე, დასკვნა იყო გაკეთებული, რომ არ შეიძლება, ამათივე შეკვეთით, ასეთი ხელისუფლების დროს სტატუსი მიეცეს საქართველოს. რა ჰქვია ამას, თუ არა ღალატი, ეს არის საბოტაჟი, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების ღალატი. ხომ ვნახეთ, მოგვიწია ძალიან ბევრი უხერხული კადრის გასაჯაროებაც, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, გარდა იმისა, რომ სიმართლე დაგვეცვა. ჩვენ შევძელით სიმართლის დაცვა“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება, როცა სიცრუეზე აგორებული კამპანია ერთი გადაწყვეტილებით დაასრულა.
„სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი და ღირსეული, სამართლიანი გადაწყვეტილება, როცა უარი უთხრა მათ ბელადს და მთელი ეს სიცრუეზე აგორებული კამპანია დაასრულა ერთი გადაწყვეტილებით. რატომ არ ამბობენ?! გამოვიდნენ ახლა და თქვან, ბოდიში მოიხადონ ყოველდღე ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატისთვის, ქვეყნის იმიჯის, რეპუტაციის შელახვისთვის.
მინდა, ახლა ზოგადად დავამშვიდო ეს ხელმოცარული ადამიანები, ჩვენს საზოგადოებას როდესაც მიმართავენ და ესაუბრებიან ჩვენს ევროპულ მომავალზე. მინდა, გავახსენო ჩვენს ხალხს, ვინ ესაუბრება ევროპულ სტანდარტებზე, სასამართლოზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე. ვინ და გეტყვით: სისტემა, რეჟიმი, რომელიც ადამიანებს კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, ბიზნესს, სახლებს ართმევდა და ოჯახებს ანადგურებდა, ჩვენს ტერიტორიებს კარგავდა და ღალატობდა ყოველდღე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ეს ძალა დღეს ევროპულ მომავალზე გველაპარაკება. ჩვენი ხალხი ბრძენია და კარგად ხედავს სხვაობას. თქვენ, კიდევ ვიმეორებ, დაასრულეთ საბოტაჟი და ქვეყნის ინტერესების ღალატი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.