ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით, ეს საქართველოს გამარჯვებაა
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით, ეს საქართველოს გამარჯვებაა

დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. ეს საქართველოს გამარჯვებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაური პარტიების მიერ პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

„უპრეცედენტო თანადგომისთვის მადლობას ვუხდით პრეზიდენტ მიშელს, აშშ-ის ელჩს, ქალბატონ დეგნანს, ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰარცელს, ბატონ დანიელსონს, ყველას, ვინც დაუღალავად იშრომა დღევანდელი შეთანხმებისთვის. რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც ასე მოთმინებით ელოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულებას. ახლა ჩვენი ყველას ძალისხმევა უნდა მივმართოთ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების გადასაჭრელად“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის,“ „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით დოკუმენტზე ხელმოწერები არ გაკეთებულა.

შალვა ნათელაშვილი ბოლო პერიოდში მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა კი ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს.