ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთის, როგორიც ვიქტორ ორბანია
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთის, როგორიც ვიქტორ ორბანია

დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთის, როგორიც არის ვიქტორ ორბანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, დღეს შეიკრიბნენ თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში, რომელიც ყოველთვის ისწრაფვოდა საქართველოს ევროპასთან დაახლოებისკენ.

„დღეს შევიკრიბეთ ამ ისტორიულ ადგილას, ჩვენი დიდი მეფის, ერეკლე მეორის სასახლეში. ბატონ პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ ჩვენი მეფე იყო გამორჩეული თავისი ნიჭით. იგი იყო მიჩნეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგი, დიდი მხედართმთავარი, რეფორმატორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, მოდერნიზაციას. მეფე ერეკლე ყოველთვის ისწრაფვოდა ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებისკენ.

მინდა, აღვნიშნო, და ამის თაობაზე ვუთხარი ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ არსებობს კონკრეტული ფაქტები და ისტორიული დოკუმენტები, როცა თავის დროზე ჩვენი მეფე წერილებს უგზავნიდა ევროპელ მონარქებს, მიმართავდა თხოვნით, იქნებოდა ეს ფინანსური თუ სამხედრო დახმარება და, ზოგადად, მისი მთავარი მოტივაცია იყო ჩვენი ქვეყნის დაკავშირება და დაახლოება ევროპასთან. სამწუხაროდ, მაშინ ევროპელი მონარქების მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცეოდა საქართველოს და, ფაქტობრივად, უყურადღებოდ იყო დარჩენილი საქართველო, მაგრამ დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთის, როგორიც არის ბატონი ვიქტორ ორბანი. სწორედ ამიტომ, გარდა იმისა, რომ გვიხარია ბატონი ორბანის სტუმრობა, ასევე გვინდოდა, გვეჩვენებინა ჩვენი ისტორიული მხარე, კახეთი, ღვინის სამშობლო. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვიქტორ ორბანს და მის მთავრობას სტუმრობისთვის, მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.