ირაკლი ღარიბაშვილი - დღეის მდგომარეობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი არის თითქმის 1 500 000 ადამიანი
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის, პარლამენტმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს ინიციატივას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით და შევცვალეთ კანონები, რაც გასაკეთებელი იყო გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი არის თითქმის 1 500 000 ადამიანი.
„1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც და ა.შ. იმ თანხებს სხვა რაღაცებში მიმართავენ.
იცით, რომ აზარტულ კომპანიებს გავუზარდეთ გადასახადები და აქაც, უფრო მეტად გაზრდილია, მეტ გადასახადს იხდიან ბიუჯეტში. 110 მლნ ლარი არის შემოსავლები, რომელიც ბიუჯეტში გადაიხადეს ამ კომპანიებმა“, – განაცხადა პრემიერმა.