ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, მადლობა ვუთხრა ევროპელ მეგობრებს, მხარდამჭერებს, ამერიკელ მეგობრებს, ევროკავშირის ელჩებს, ყველას, ვინც მხარი დაუჭირა სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას
14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების, ზეიმის დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა.
„ჩემო მეგობრებო, ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ ერთად შეიძლება ითქვას, დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები. ის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ასევე თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი – ომი და უბედურება. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ქვეყანა. გავაძლიერეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. 14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების, ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და გულშემატკივრებს. ევროკავშირის ელჩს, რომელიც აქ გვესწრება. ევროკავშირის ელჩებს, ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას.
გუშინ პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ლიდერებს და მივიღე მათი მოლოცვები. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას და მადლობა თქვენ, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო მეგობრებო, დებო და ძმებო. მადლობა მინდა, ვუთხრა კიდევ ერთხელ ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს. ყველა საჯარო მოხელეს მინდა, მადლობა ვუთხრა. ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატების და ამ გამარჯვების მოპოვებაში.
ახლა ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველოდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით, ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში.
მინდა, ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, საქართველოს მფარველი, ჩვენი ხალხის მფარველი. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.