ირაკლი ღარიბაშვილი - დღეიდან ფსიქოტროპული მედიკამენტები მხოლოდ ელექტრონული ფორმით გამოიწერება, რითაც შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება
დღეიდან ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება.
„დაახლოებით ორი თვის წინ, ჯანდაცვის მინისტრს მე დავავალე, რომ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესი უნდა გამკაცრდეს და ზოგადად ცირკულაცია ამ ფსიქოტროპული მედიკამენტების. ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრებას და სხვა უამრავ უბედურებას, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენს მომავალ თაობაზე აისახება. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვიყავით და ვართ, რომ ეს საკითხიც დაგვერეგულირებინა. დღეიდან, ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი, მატერიალური სახით, ქაღალდზე ასე ვთქვათ, აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ესეც დარეგულირდება.
რას ნიშნავს ეს ცვლილება – ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება, როდესაც ადამიანი მიდის და არამიზნობრივად მოიხმარს ამ ფსიქოტროპულებს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მათი ცხოვრების წესს აუარესებს, ამწვავებს ქვეყანაში ნარკოლოგიურ მდგომარეობას. ფსიქოტროპული მედიკამენტები დაუშვებელია, ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალება პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევით და ეს უკონტროლო მოხმარება და თვითმკურნალობა, თუ ამას მკურნალობა ჰქვია, ეს დაღუპვა, რიგ შემთხვევაში ადამიანები ისე, ყოველგვარი დანიშნულების გარეშე მოიხმარენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, იწვევს სავალალო შედეგებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ელექტრონული რეცეპტით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი როგორც რეცეპტის გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ისე გამომწერი ექიმების გაკონტროლება.
„საქართველოში, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე გამკაცრებული წესრიგი მოქმედებს, წამლების გარეშე, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე არის აკრძალული, თუმცა მატერიალური ფორმის რეცეპტით პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი როგორც რეცეპტის გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ისე გამომწერი ექიმების გაკონტროლებაც. ესეც ძალიან დაგვეხმარება პროცესის გამჭვირვალობაში, ზოგადად, მონიტორინგში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება და მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მომენტიდან პაციენტზე გაცემამდე მთელი ეს ჯაჭვი, პროცესი რომ გამარტივდეს, ამავდროულად, ზედამხედველობა, მონიტორინგი და გამჭვირვალობა რომ გაუადვილდეს სახელმწიფოს და კონტროლი ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის სრულ პროცესზე რომ იყოს შესაძლებელი. ესეც მოგვარდა, ეს საკითხიც დღეიდან მოგვარდება“, – აღნიშნა პრემიერმა.