ირაკლი ღარიბაშვილი - დევნილებისთვის დავიწყეთ ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი, ბინას მიიღებს 2 400 ოჯახი, სამუშაოები დასრულდება დაახლოებით ორ წელიწადში
ირაკლი ღარიბაშვილი - დევნილებისთვის დავიწყეთ ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი, ბინას მიიღებს 2 400 ოჯახი, სამუშაოები დასრულდება დაახლოებით ორ წელიწადში

ჩვენ დავიწყეთ დევნილებისთვის ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი. სახელმწიფომ თბილისში გამოყო შვიდი ჰექტარი ტერიტორია და სამუშაოებზე 245 მილიონ ლარამდე იხარჯება. აშენდება 11 კორპუსი, სადაც ბინა გადაეცემა 2 400 ოჯახს. სამუშაოები დასრულდება დაახლოებით ორ წელიწადში, შესაძლოა, უფრო ადრეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, დევნილებისთვის ბინების მშენებელობის დაწყება იგეგმება ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში. მისივე თქმით, ჯამურად, თითქმის 7 000-მდე ოჯახი მიიღებს ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს.

„ამ მასშტაბური პროექტის გარდა, დავიწყებთ ზუგდიდში ასევე მასშტაბურ პროექტს. იქ არის 1 400 ბინაზე გათვლილი პროექტი, იქაც არის მასშტაბური სამუშაოები განსაზღვრული, ჩატარებულია ტენდერი და ძალიან მალე დაიწყება სამუშაოები. ქუთაისში დავიწყეთ ანალოგიურად 700 ოჯახზე გათვლილი პროექტი, რუსთავში 800 ოჯახზე იქნება გათვლილი პროექტი, ბორჯომში კი – 150 ოჯახზე. დევნილებისთვის ძალიან ბევრი ასეთი პროექტი განვახორციელეთ. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, ეს არის დაახლოებით 100 000 ადამიანი, რაც ძალიან მასშტაბური და უპრეცედენტოა. მანამდე იყო მინიმალური რაოდენობის ბინა გადაცემული. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს დევნილებზე, შევუქმნათ ღირსეული პირობები. წელს უკვე გადაეცა ათას ოჯახს საცხოვრებელი ფართები და დაუკანონდათ. ასე რომ, ვფიქრობ, სწრაფი ტემპით მივდივართ ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენი მთავარი ოცნება, მთავარი მიზანი უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს ყველაფერი ჩვენს დევნილებს საკუთრებაში დარჩებათ, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა, ოცნება, მიზანი, უნდა იყოს დაბრუნება, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამიტომ ყველაფერი, რაც დაგვაახლოებს ამ დიდ, საერთო ეროვნულ მიზანთან, არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გასაკეთებელი საქმე. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ზურა აზარაშვილს, მის გუნდს. ძალიან აქტიურად დაიწყეს სამუშაოების განხორციელება, ტენდერები ჩატარებულია, გამოცხადებულია გამარჯვებულები, ძლიერი კომპანიები და ვფიქრობ, ძალიან მალე ჩვენს დევნილებს გადაეცემათ კომფორტული საცხოვრებელი ფართები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.