ირაკლი ღარიბაშვილი - დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში, ვისაც არ უნდა, ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ის ამ ქვეყნის მტერია
ირაკლი ღარიბაშვილი - დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში, ვისაც არ უნდა, ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ის ამ ქვეყნის მტერია

საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში, ამით ყველაფერია ნათქვამი. ვისაც არ უნდა, ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა და იყოს ეკონომიკა, ის არის ამ ქვეყნის მტერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვით: „როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რამდენად რელევანტურია ფრენების აღდგენა?“ რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:

„თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე. წესით, ყველა მოქალაქე უნდა ზრუნავდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. თქვენ რომ იყოთ ობიექტური ჟურნალისტი, ამ შეკითხვას დაუსვამდით იმავე ხოშტარიას, სააკაშვილის პარტიის წევრებს. მაშინ მეტად დამაჯერებელი იქნებოდა თქვენი შეკითხვა. თქვენ წარმოადგენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიას. მე გეკითხებით, რატომ არ უსვამთ შეკითხვას იმავე ხოშტარიას, რომელიც 10 წლის წინ ამბობდა, რომ ფრენები კარგია, უვიზო რეჟიმი კარგია, ვაჭრობა კარგია. თქვენ ამ შეკითხვით ნუ მოდიხართ ჩემთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერი შესაბამისობაშია ეროვნულ პოლიტიკასთან და საერთაშორისო სანქციებთანაც.

„ერთი რამ მინდა გითხრათ – ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ, სისხლი დავღვარეთ არა მარტო საქართველოში, არამედ ნატო-ს მისიებში – ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი. სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ. სანაცვლოდ, რა მივიღეთ? – ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის გადაუხედავს, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ რუსეთთან მიმართებით თავის პოლიტიკაში. ჩემი მიზანია ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მისი დაცვა, ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში – ამით ყველაფერია ნათქვამი. ისლანდიაში შეხვედრებზე პირადად მქონდა საუბარი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ლიდერებთან. ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი. აქ ახალი და უცხო არაფერია. განვმარტე, რომ ეს არის ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი. ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა და იყოს ეკონომიკა, ძალიან მარტივად უნდა ითქვას, რომ ის არის ამ ქვეყნის მტერი. მთავარი შედეგია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ შედეგზე, საქმეზე. საქმე არის ის, რომ ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, უმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, კიდევ უფრო განავითარებს ვაჭრობას. ყველაფერი შესაბამისობაშია ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე, საერთაშორისო სანქციებთან. ასე რომ, აქ შეკითხვები არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.