ირაკლი ღარიბაშვილი - დესტრუქციული ძალების მიერ თავდაცვის ძალებისა და პირადად ჩემ წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიის მიზანია საზოგადოების თვალში ქართული ჯარის იმიჯის დაკნინება
ბოლო პერიოდში გააქტიურდა და პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს, როგორც უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი ფუნდამენტური უწყების, დისკრედიტების მცდელობის კამპანია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშს წარადგენს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მასში ჩართული ძალები არ ერიდებიან მდარე ხარისხის დეზინფორმაციის ტირაჟირებას.
„რიგ შემთხვევაში, დეზინფორმაციის კამპანია უხამს ფორმასაც იძენს – სამხედრო ფეხსაცმლის, კვების, ფორმის, ჩოხების, საათების თუ სადენზიფექციო ხსნარების შეძენის საკითხებით მანიპულირება. ჩვენში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე წარმატებული პროექტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს თავდაცვის უნარიანობის მოშლა და საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითება.
აღნიშნული მიზანმიმართული კამპანია განსაკუთრებით გაძლიერდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების მიერ გამოვლენილი მაღალი ეფექტური რეაგირების ფონზე. დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული უწყების და მისი ხელმძღვანელობის, იმიჯის დაკნინება. საბოლოო ჯამში, დესტრუქციული ძალების მიერ თავდაცვის ძალებისა და პირადად ჩემ მიმართ, ჩემ წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიის მიზანია საზოგადოების თვალში ქართული ჯარის, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის, იმიჯის დაკნინება, რაც ავტომატურად იწვევს საბრძოლო სულისკვეთების დასუსტებას და ერთ-ერთი იდეის, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოჯახში გაწევრიანებისთვის დამატებით ბარიერების შექმნას და საბოლოოდ თავდაცვისუნარიანობის მოშლას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ამის პასუხად მთავრობის პოლიტიკაა სტაბილურობა და განვითარება.
„აღნიშნულის პასუხად, მთავრობის პოლიტიკა – სტაბილურობა და განვითარება, პროვოკაციებზე მშვიდი, ეფექტიანი და კომპეტენტური რეაგირებაა. სამშვიდობო პოლიტიკა სამეზობლოში და პარტნიორებთან სამხედრო და უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის მაქსიმალური გაღრმავება წარმოადგენს დესტრუქციული ძალებისთვის ერთ-ერთ ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში აღნიშნა, გარე საფრთხეების გარდა, ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დესტრუქციული ძალა გააქტიურდა.