ირაკლი ღარიბაშვილი - დესტრუქციული ძალები ჯერ კიდევ ცდილობენ, შეკვეთილი სტატიებით, ბრიუსელში შეხვედრებით, აწარმოონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, ამას მიყვებოდნენ ევროპელი კოლეგებიც
მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ და ჯერ კიდევ ცდილობენ შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით, ბრიუსელში შეხვედრებით აწარმოონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ, ამას მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგებიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების დროსაც, ოპოზიცია ევროპელ პოლიტიკოსებს ემუდარებოდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის დროს არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი და იგივე ხდება დღესაც.
„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ და ჯერ კიდევ ცდილობენ, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით უცხოურ მედიაში, პრესაში, მათი შეხვედრებით ბრიუსელში, გაოცებული მიყვებოდნენ აქედან ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების წინააღმდეგ.
თქვენ გახსოვთ, მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ არწმუნებდნენ, სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, რამენაირად არ მიეცათ უვიზო რეჟიმი ქართველებისთვის, რომ იქნებ ამ მთავრობის დროს არ მოხდეს ამ დიდი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება. იგივე ხდება დღესაც, მაგრამ რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ ევროკავშირში არიან ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები და ისინი ასევე მიიღებენ გონივრულ, ბრძნულ და სამართლებრივ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.