ირაკლი ღარიბაშვილი - დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი, არც ერთი რეალური ოპოზიციური არხი არ არსებობდა, ჩვენი რეფორმების შედეგად, დღეს ათ სამუშაო დღეში შეიძლება ტელევიზიის გახსნა
დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი არ არსებობდა ქვეყანაში, არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს გამოდიან ეს ადამიანები, გვესაუბრებიან თავისუფალ მედიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ათ სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა.
„მოვისმინე შენიშვნა, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ ადამიანებს, რა გავაკეთეთ ათი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყველაფერს კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათაც და ჩვენს ძვირფას ხალხს, თუ რა გავაკეთეთ ამ ათი წლის განმავლობაში, მაგრამ რა თქმა უნდა, მინდა ყველას შევახსენო, იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, უნდა შევახსენოთ მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს, უცხოელ მეგობრებს, რომ ჩვენ მართლაც უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რომ დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი არ არსებობდა ქვეყანაში. არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს გამოდიან ეს ადამიანები, გვესაუბრებიან თავისუფალ მედიაზე. სწორედ ჩვენ მიერ მიღებული, გატარებული რეფორმების შედეგად, დღეს ათ სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა. ამ მაჩვენებლით ჩვენ ბევრად წინ ვუსწრებთ, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვა რამდენიმეჯერ გააწყვეტინეს.