ირაკლი ღარიბაშვილი - დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი ეხება მისი მინისტრობის დროს გაფლანგულ ასეულობით მილიონ დოლარს
ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელიც მისი მინისტრობის დროს მოხდა თავდაცვის სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასამართლომ კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო დაუსაბუთებელი პროგრამების დაფინანსებისთვის.
„ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელიც მისი მინისტრობის დროს მოხდა თავდაცვის სამინისტროში. ერთ-ერთი ფაქტი დადასტურდა, როცა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბატონი კეზერაშვილი დაუსაბუთებელი, გაუგებარი პროგრამების დაფინანსებისთვის. კერძოდ, თუ არ ვცდები, ხუთი მილიონი დოლარი იქნა გადარიცხული ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაზე და არც სერვისი არ იქნა გაწეული და არც არავითარი შეიარაღება არ ჩამოსულა. ასეთი ფაქტი არის უამრავი და გამოძიება ყველა ამ ფაქტს გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.