ირაკლი ღარიბაშვილი - დავით კეზერაშვილის მიერ შეძენილი ავტომატების ნაწილი საქართველოში არც კი ჩამოსულა, შემდეგ კი ნაწილი გვატემალაში აღმოჩნდა, ნაწილი სხვაგან
დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარის დებიტორული დავალიანება უკვე ჩამოწერილია და ამჟამად თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება ერიცხება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს თანხა არის გადარიცხული სხვადასხვა კომპანიაში, მის სანაცვლოდ კი არანაირი შეიარაღება საქართველოს არ მიუღია.
„დავით კეზერაშვილი არ იყო ერთი ცალკე აღებული მაღალჩინოსანი, ის წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს. კეზერაშვილი ყოველთვის იყო ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის დამფინანსებელი. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუყვე საზოგადოებას, რა ხდება ამ წლებში სამინისტროში. ჩავიხედე რა იმ მძიმე მემკვიდრეობაში, რომელიც მე უწყებაში დამხვდა, დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარის დებიტორული დავალიანება უკვე ჩამოწერილია და ამჟამად სამინისტროს დაახლოებით 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება ერიცხება. ეს თანხა არის გადარიცხული სხვადასხვა კომპანიაში, მის სანაცვლოდ კი არანაირი შეიარაღება საქართველოს არ მიუღია. ჩვენ კარგად ვიცით, სად წავიდა ეს ფული – ამ ადამიანების ჯიბეებში, რომლებიც დღესაც ბედავენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, შეიარაღება, რომელიც ვითომდა ქართული ჯარისთვის იყო შესყიდული, აღმოჩნდებოდა ხოლმე მესამე ქვეყანაში.
„მაგალითად, ასე მოხდა M4-ის ტიპის ავტომატების შეძენისას, რომლებიც იყო უხარისხო. კეზერაშვილის შეძენილი ავტომატების ნაწილი აღმოჩნდა გვატემალაში, ნაწილი – კიდევ სხვაგან და ა.შ. აშშ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა კეზერაშვილის უშუალო პარტნიორი. წინა ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, მილიარდი ლარის შეიარაღება ომის დროს რუსებმა წაიღეს. არავინ იცის, ეს შეიარაღება მართლა რუსებმა წაიღეს, თუ ამის მხოლოდ 10 % წაიღეს, დანარჩენი კი უბრალოდ ე.წ. გათეთრებისთვის იყო გამოყენებული. ამჟამად პროკურატურა იძიებს საქმეს Bushmaster-ის ტიპის ავტომატების შეძენის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.