არჩილ თალაკვაძე - დავით გარეჯის საკითხი ყოველგვარ პარტიულობაზე მაღლა დგას და ბევრი კითხვა ჩნდება, რატომ არის ოპოზიცია, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მართლების პოზაში
არჩილ თალაკვაძე - დავით გარეჯის საკითხი ყოველგვარ პარტიულობაზე მაღლა დგას და ბევრი კითხვა ჩნდება, რატომ არის ოპოზიცია, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მართლების პოზაში

დავით გარეჯის საკითხი საერთო ეროვნული მნიშვნელობისაა და ყოველგვარ პარტიულობაზე მაღლა დგას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, კითხვებს აჩენს, ამ საქმესთან მიმართებით თავის მართლების პოზაში რატომ არის ოპოზიცია, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“.

„ოპოზიციასა და პოლიტიკას ადგილი არ აქვს დავით გარეჯთან მიმართებაში, ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, ეს თემა ყოველგვარ პარტიულობაზე მაღლა დგას, ამიტომ ბევრ კითხვას იწვევს, რატომ არის ოპოზიცია თავის მართლების პოზაში, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტური სისტემა. ჩვენ სამართლებრივად და გამჭვირვალედ უზრუნველვყოფთ გამოძიებას. ეს არის გამოძიების საქმე და არა – პოლიტიკოსების. რაც მთავარია, ახალაღმოჩენილ რუკებსა და გარემოებებს ხელისუფლება მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში გამოიყენებს საქართველოს ინტერესებისთვის და იმისთვის, რომ გარეჯი და ჩვენი სულიერი, კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული. როგორც იკვეთება, გამოძიებისგან რა ინფორმაციაც აქვს საზოგადოებას, ეს რუკები, რაც აღმოჩენილია და, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვის ნიშნები, რატომ არ მოხდა მათი გამოყენება მოლაპარაკებებში, საქართველოს აძლევს მეტ შესაძლებლობას, გადაჭრას დავით გარეჯთან დაკავშირებული დავა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილმა პირველ რიგში, საკუთარ წარსულთან უნდა აგოს პასუხი.

„რაც შეეხება სააკაშვილს, მას პრობლემა აქვს საკუთარ წარსულთან, მას მოსდევს თავისი წარსული, კითხვას უსვამს თავისი წარსული. რა საქმეებიც არის აღძრული, სწორედ მის წარსულს უკავშირდება და არა ჩვენი პარტიისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამიტომ მან პირველ რიგში, საკუთარ წარსულთან უნდა აგოს პასუხი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე, გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს დავით გარეჯთან დაკავშირებით.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვის მინისტრი, გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის დავით გარეჯი, რაც თავის მხრივ, ცუდად იცის სააკაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილთან და ნებისმიერ თანაგუნდელთან ერთად, ჩვენი საფიქრალია, რომ დავით გარეჯის საკითხი გადაწყდეს საქართველოს სასარგებლოდ, ისტორიული სიმართლის გათვალისწინებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.