ირაკლი ღარიბაშვილი - დავით ბაქრაძე დადიოდა და ემუდარებოდა ევროპელებს, რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ მიეცათ, დაესაჯათ ქართველი ხალხი, ეს არის მტრობა
ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტმა, ჩვენმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი, რათა ჩვენი ქვეყანა რეალურად დაგვეახლოვებინა ევროპასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის შეჯამებისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე ძირითად მიღწევაზე ისაუბრა. ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მავნებლობას უკავშირდება ყველაფერი, თუ რაიმე ხელისშემშლელი ყოფილა ქვეყნის ევროპასთან დაახლოების პროცესში.
„ძვირფასი ოპონენტებისგან ვითხოვ შეჯამების უფლებას. მინდა, ვთქვა მთავარი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტმა, ჩვენმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი, რათა ჩვენი ქვეყანა რეალურად დაგვეახლოვებინა ევროპასთან. მინდა, რამდენიმე ძირითადი მიღწევა გამოვყო, რომელიც ბატონი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ესენია, ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, და ახლა უკვე ისტორიული ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის სახით. შესაბამისად, თუ ამ პროცესში რაიმე ხელის შეშლა ყოფილა, ეს უკავშირდება ამათ მავნებლობას. დაწყებული უვიზო რეჟიმის მიღების დროს ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი, რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, პირადად დადიოდა და ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში, უვიზო რეჟიმი არ მიეცათ საქართველოსთვის, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი. კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ყოველ უმსგავსობას ჩვენი ევროპელი მეგობრები მისგან იგებდნენ, ათას ბრალდებას, ცილისწამებას. ეს ხართ თქვენ. ეს არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.