ირაკლი ღარიბაშვილი - დასაქმება ისტორიულ მაქსიმუმზეა, უმუშევრობა არის შემცირებული ისტორიულ მინიმუმზე, ისევე როგორც სიღარიბე არის შემცირებული და ჩამოსულია ისტორიულ მინიმუმამდე
დასაქმება ისტორიულ მაქსიმუმზეა, უმუშევრობა არის შემცირებული ისტორიულ მინიმუმზე, ისევე როგორც სიღარიბე არის შემცირებული და ჩამოსულია ისტორიულ მინიმუმამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„სამუშაო ადგილების რაოდენობა პირველ კვარტალში გაიზარდა, შეიქმნა 42 000-ით მეტი სამუშაო ადგილი და შეადგინა 716 000, რაც პირველ კვარტლებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რეკორდული მაჩვენებელია. მინდა, აღვნიშნო, რომ 2020 წელს პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვქონდა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ასახული პანდემია, პანდემიის ეფექტი, იყო 31 ათასი და მაშინ ითვლებოდა საუკეთესო მაჩვენებლად. ორი წლის შემდეგ დასაქმების მიმართულებით მარტო მატება 42 000 გვაქვს. ასე რომ, ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თითქმის ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა, 2012 წელთან შედარებით, დააღწია თავი სიღარიბეს, 2012 წელს 1 100 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო.
„დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, ისევე როგორც შემცირებულია სიღარიბე და ჩამოსულია ისტორიულ მინიმუმზე. შედარებისთვის, მინდა, აღვნიშნო, რომ უმუშევრობის დონე 2010 წელს იყო 27%, ახლა 17%-ზეა ჩამოსული, ათ წელიწადში ამხელა პროგრესი გვაქვს. თუ არ ვცდები, სიღარიბის მაჩვენებელი 37-38%-ზე იყო 2011-2012 წლებში. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ, არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს გაჯერებული და გამყარებულია ფაქტებით.
როგორც აღვნიშნე, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა. სიღარიბის დონემ 15,6%-ს მიაღწია, რაც, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ისტორიული მინიმუმია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ თითქმის ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა, 2012 წელთან შედარებით, თავი დააღწია სიღარიბეს. მილიონ 100 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება და ეს მაჩვენებელი განახევრებულია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.