ირაკლი ღარიბაშვილი - დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია, ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას
რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ამის თაობაზე ევროკომისიასთან კონსულტაციები გაიმართა.
„მე პირადად საუბარი მქონდა ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები და არ მივიღეთ კანონი. ამის ნაცვლად, ახლა ვმუშაობთ და ძალიან მალე, ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას. რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც პროცესშია, ეს ეხება სასამართლო რეფორმას. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ზოგადად სასამართლო სისტემაში, რათა გამხდარიყო ინკლუზიური, გამჭვირვალე, უფრო მეტად ანგარიშვალდებული“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია და აღნიშნა, რომ დღეს სასამართლო არის სანიმუშო სისტემა.
„საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი და ჩვენს სასამართლოს ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს. ამას გარდა, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიიდან საბოლოო რეკომენდაციებს ოქტომბრის თვეში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მანამდეც გვექნება თქვენთან კონსულტაციები და ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ცვლილებების განხორციელება.
რჩება კიდევ ერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელიც არის დეპოლარიზაცია. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი. ზოგადად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი და ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 2020 წელს პარლამენტში შევიდა ცხრა პარტია. გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები, მედიასაშუალებები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.