ირაკლი ღარიბაშვილი - დაგეგმილი გვაქვს სულ მცირე 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება
2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკა რამდენიმე თვეა, სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა.
„სამწუხაროდ, პოლიტიკურთან ერთად, მწვავე ეკონომიკური კრიზისიც დამხვდა. გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც წარმოშვა, რაც ბუნებრივია, საქართველოზეც მძიმედ აისახა. უამრავმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ბევრმა ბიზნესსუბიექტმა შეაჩერა ფუნქციონირება და ეკონომიკური საქმიანობის რიგი სფეროები გაჩერდა. საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია და ამ პრობლემამ სახელმწიფო განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგანაც კრიზისის შედეგად შექმნილი ზიანის რეკომპენსირება არაფორმალურად დასაქმებული ადამიანებისთვის რთულად ადმინისტრირებადი აღმოჩნდა. გუნდთან ერთად, არსებულ შეზღუდვებს ხელახლა გადავხედეთ და ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს შორის სწორი ბალანსის დაცვით, ეკონომიკის აღდგენას და სტიმულირებას შევუწყვეთ ხელი, რამაც ხელშესახები შედეგები მოგვცა. ეკონომიკა რამდენიმე თვეა სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში მინუსებში იყო, მარტიდან კი ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა და ბოლო რვა თვიდან ოთხ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, წლის ბოლოს ჩვენი პროგნოზით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც არამარტო რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ. ვფიქრობ, საზოგადოება ეკონომიკის მართვის მიდგომებსა და შედეგებს შორის კონტრასტს, ბოლო პერიოდში არსებული პარამეტრების გაუმჯობესებას ნათლად ხედავს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა დადებითი ტენდენციები თითოეულმა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს. ამავდროულად, სახელმწიფო ვალსა და საბიუჯეტო დეფიციტსაც შევამცირებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.